კახა კალაძე - საქართველოს სუფთა ენერგიის სახით დიდი რესურსი აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რესურსი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაციონალურად იქნეს გამოყენებული
ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი და შესაძლებლობა, ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძემ შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი შეაფასა, რომელსაც დღეს ხელი მოაწერეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა.
„მივესალმები ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი ქვეყანა, ენერგეტიკული თვალსაზრისით და პოლიტიკური ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი რესურსები სუფთა ენერგიის სახით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რესურსები სწორად და რაციონალურად იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი და შესაძლებლობა, რომ, ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა. მახსოვს, ჩემი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განხორციელდა, ასევე თბოელექტროსადგურების და, რა თქმა უნდა, მისასალმებელია პრემიერის გადაწყვეტილება ახალი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული თავისუფლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს.