კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ შესრულებული იყოს 12 პუნქტი, მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომავალშიც გავაგრძელოთ აღნიშნული რეფორმების განხორციელება
საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ შესრულებული იყოს 12 პუნქტი, პროცესი მიმდინარეობს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვართ, მომავალშიც გავაგრძელოთ აღნიშნული რეფორმების განხორციელება, მისასალმებელია ის პოზიტიური მესიჯები, რასაც ვისმენთ სტატუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს თავიდანვე იმსახურებდა.
„ვიცით, რომ არასამართლიანად მოგვექცნენ. ოპტიმიზმით ვართ განწყობილი და ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, რატომ არ უნდა მისცენ ქვეყანას სტატუსი. ჩვენს მეგობრებთან ერთად ყველაფერი იქნება გაკეთებული რეფორმების განსახორციელებლად. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ეს არის ჩვეულებრივი გრძელვადიანი სამუშაო თემა. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება მომავალშიც. მოიძებნებიან ისეთი პოლიტიკოსები და „ენჯეოებიც“, რომლებიც ხელს უშლიან აღნიშნულ პროცესს და ყველანაირად ცდილობენ, აქვთ სურვილი, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, როგორმე დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა კალაძემ.