კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლებამ, პარტნიორებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსის მისაღებად დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული
საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსის მისაღებად იყოს დადებითი გადაწყვეტილება მიღებული, დაველოდოთ, დეკემბერში უკვე ოფიციალურად იქნება პასუხი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს ჟურნალისტებმა ოლივერ ვარჰეის განცხადების შეფასება სთხოვეს, სადაც ევროკომისარი ამბობს: „საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული, საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და მიიღებს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“.
„საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად ყველაფერი გააკეთა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც იყო მითითებული. რა თქმა უნდა, სრული მზაობა გვაქვს, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს, რადგან რეფორმები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი დღით, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და საქართველოს მთავრობა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად არის მზად, მომავალშიც გადადგას კონკრეტული ნაბიჯები რეფორმების განსახორციელებლად. რაც შეეხება სტატუსს, საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსის მისაღებად იყოს დადებითი გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა დაველოდოთ, დეკემბერში უკვე ოფიციალურად იქნება პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს „როიტერის“ ინფორმაციაზე, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „როიტერი“ არ არის გადაწყვეტილების მიმღები.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, მთელი რიგი ნაბიჯები არის გადადგმული, კონკრეტული ცვლილებები არის განხორციელებული. ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და მგონია, რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს, რათა ქვეყანას სტატუსი მიენიჭოს. უბრალოდ, არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა მიეცეს ქვეყანას სტატუსი და არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პირიქით, მგონია, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რეალურად, მართლა ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა რეფორმები განხორციელებულიყო და ქვეყანას სტატუსი მიეღო“, – განაცხადა კახა კალაძემ.