კახა კალაძე - საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს
მინდა, ყველას ვუთხრა ერთი რამ, საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, – ამ სიტყვებით მიმართა ორბელიანის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, დედაქალაქში მიმდინარე პროექტებს ზურგს უმაგრებს ახალგაზრდების დიდი არმია და თბილისის მოსახლეობა. მან მადლობა გადაუხადა თბილისელებს მხარდაჭერისთვის.
დღეს დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ორბელიანის მოედნის განვითარების კონცეფცია გააცნო. პროექტის – „ქარავანი ორბელიანზე“ მიხედვით, განახლებული ორბელიანის მოედანი უნდა ჩამოყალიბდეს მდგრადი განვითარების, მომავალზე ორიენტირებულ, სავაჭრო, გასართობ და შემეცნებით სივრცედ, სადაც თავს მოიყრის ინოვაციები, ტექნოლოგიური მიღწევები, გამოგონებები, განვითარდება სტარტაპ კულტურა და სამეწარმეო სულისკვეთება.
„გულს უხარია, როდესაც ვხედავ რეაბილიტირებულ ძველ თბილისს, თავისი ისტორიული შენობა-ნაგებობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა ძველი თბილისის განვითარებას. სწორედ ეს პროექტი არის ერთ-ერთი ჩვენი დანაპირები. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა და რა მდგომარეობა იყო აქ. ჩვენი გუნდის, თითოეული ჩემი თანამშრომლის პრიორიტეტი გახლავთ ძველი თბილისის რეაბილიტაცია, მოწესრიგება, ძეგლების განახლება, რადგან ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. როგორც ორბელიანის მოედანი მოწესრიგდა, მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება სხვა კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ უბნებში და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი თბილისი ძალიან მალე იქნება ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოწესრიგებული, თავისი ისტორიული უბნებით, ქუჩებით, შენობა-ნაგებობებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა საზოგადოებას ასევე წარუდგინა ყვავილებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი ახალი სივრცე და საბავშვო მოედანი, რომლის მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა კომპანია „ტრიკოლორს“, ყვავილების ჯიხურების დიზაინის ავტორს, დოდო ჩხეიძეს და სხვა ჩართულ პირებს.
კახა კალაძემ ხაზი გაუსვა მსგავსი პროექტების განხორციელებაში ახალგაზრდების ჩართულობას და მათ თანადგომას.
„ძალიან მიხარია, რომ ბევრ ახალგაზრდას ვხედავ დღევანდელ ღონისძიებაზე. ზოგადად, ახალგაზრდები ძალიან აქტიურობენ, ჩართული არიან ყველა იმ რეფორმაში, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მინდა, ყველას ვუთხრა ერთი რამ – საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას, თბილისის გაკეთილშობილებას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს და შეუშლის ხელს. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ახალგაზრდების ძალიან დიდი არმია, რომელსაც გული შესტკივათ ჩვენს ქალაქზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, გული შესტკივათ იმაზე, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ახალი კონცეფცია პროექტის ავტორმა, კომპანია „ვინდფორსის“ დირექტორმა ვახტანგ ქავთარაძემ წარმოადგინა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ამ ეტაპზე გამოკვეთილია შვიდი ძირითადი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ორბელიანის მოედანი განვითარდება: აგრო-პროდუქტები; ღვინის შოურუმები; სტარტაპები და მათი პროდუქცია/სერვისები; ხარისხიანი საკვები პროდუქცია; გასართობი პროგრამები; შემეცნებითი პროგრამები და საბავშვო პროგრამები. ეს მიმართულებები ერთმანეთთან ინტეგრირებული იქნება, რაც მას უნიკალურ მოვლენად აქცევს.