საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა და ოკუპაციას შეწირულ მოქალაქეთა უკვდავსაყოფად თბილისში მათი სახელობის პარკი გაშენდება
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებისა და ოკუპაციას შეწირული მოქალაქეების უკვდავსაყოფად თბილისში მათი სახელობის პარკი უნდა გაშენდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩვენ ყველანი ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილს და მის ოჯახთან ერთად ვიზიარებთ ამ ტკივილს. იმედი მაქვს, რომ ის იქნება უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც შეიწირა საოკუპაციო რეჟიმმა.
ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ არამარტო არჩილს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს და ოკუპაციას შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას.
მინდა, გაგიზიაროთ ჩემი სურვილი, რაშიც ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება – მათი ხსოვნის უკვდავყოფისთვის თბილისში გაშენდეს მათი სახელობის პარკი, სადაც განთავსდება მემორიალიც.
ჩვენ დღესვე დავიწყებთ შესაბამისი ადგილის შერჩევას, ხოლო მემორიალის პროექტზე გამოვაცხადებთ კონკურსს.
საქართველო გმირების ქვეყანაა“, – წერს კახა კალაძემ.