კახა კალაძე - საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა, ფერფლიდან აღმდგარა და ახალი სიცოცხლე დაუწყია, მომავალი წელი იქნება აღდგენის, განახლებისა და გაძლიერების წელი
მიილია 2020 წელი – წელი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული წელი, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საახალწლო მილოცვაში.
როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, მომავალი წელი იქნება აღდგენის, განახლების და გაძლიერების წელი.
„ჩვენ, ყველას ერთად გლობალური პანდემიის წესებით მოგვიწია ცხოვრება. უკვე გავიარეთ ახალ რეალობასთან ადაპტაციის რთული ეტაპები. სოლიდარობამ, ექიმების თავდადებამ, საჯარო მოხელეთა ძალისხმევამ, საპატრულო პოლიციის 24-საათიანმა საქმიანობამ, თბილისის მერიის ყველა უწყების თავდაუზოგავმა შრომამ და თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის რწმენამ მოგვცა ძალა, ეს მძიმე პერიოდი გადაგვეტანა, არ დავნებებულიყავით და დღეს უკვე ყველა იმედით შევყურებთ ახალ, 2021 წელს. ჩემო საყვარელო ხალხო, მინდა მთელი გულით მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, გისურვოთ პირველ რიგში, ჯანმრთელობა და ბედნიერება. ჩვენ ერთად ვართ, სოლიდარულები ვართ და ყველა ერთად, ყველა სირთულეს დავძლევთ. საქართველოს ბევრი განსაცდელი გადაულახავს და არ დაცემულა – ფერფლიდან აღმდგარა და ახალი სიცოცხლე დაუწყია. მომავალი წელი იქნება აღდგენის, განახლების და გაძლიერების წელი! მეგობრებო, ჩვენს ერთად ყოფნას, მომავლისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს. გილოცავთ დიდი სიყვარულით და ოპტიმიზმით სავსე გულით! ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვოთ, ახალ წელს შევეგებოთ იმედით და რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარულით. გილოცავ საქართველოვ, გილოცავ ჩემო თბილისო! გილოცავთ ჩემო უსაყვარლესო ხალხო! მრავალჟამიერ“, – აღნიშნულია კახა კალაძის მილოცვაში.