კახა კალაძე - საქართველოს ბაზარს აქვს შესაძლებლობა, გაჩნდეს ახალი ტელევიზიები
საქართველოს ბაზარს აქვს შესაძლებლობა, გაჩნდეს ახალი ტელევიზიები, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მარტივია, შექმნას ტელევიზია.
„ზოგადად, მედიაპლურალიზმს მივესალმები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სხვადასხვა მედიასივრცე. საქართველოს ბაზარს აქვს შესაძლებლობა, რომ გაჩნდეს კიდევ ახალი, დამატებითი ტელევიზიები. ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.
თუ ვინ დგას ამ კონკრეტული პროექტების უკან, შეიძლება, პიროვნებები ჩვენ არ მოგვწონდეს. გავიხსენოთ, რა ხდებოდა და როგორი მდგომარეობა იყო 2012 წლამდე – ვერავინ გაბედავდა, ტელევიზია შეექმნა დამოუკიდებლად, თუ არ იქნებოდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი. დღეს უკვე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მარტივია, შექმნას ტელევიზია. ამას სჭირდება ფინანსები და დღეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს. ხელისუფლება არ ატერორებს ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით მიდის“, – განაცხადა კახა კალაძემ.