კახა კალაძე - საქართველო შემდგარი, სუვერენული სახელმწიფოა, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ ინტერესს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, მოაწყონ რევოლუციები, გადატრიალებები
კახა კალაძე - საქართველო შემდგარი, სუვერენული სახელმწიფოა, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ ინტერესს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, მოაწყონ რევოლუციები, გადატრიალებები

ევროპა, ევროპული მომავალი იმიტომ გვინდა, რომ იქ პატივს სცემენ კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს. შეუძლებელია, კონსტიტუციის დარღვევა, შენი სახელმწიფოს უპატივცემულობა ევროპული მომავლის საპირწონე იყოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა თავადაც კარგად იცის, რომ კონსტიტუცია დაარღვია და ამ ყველაფრის წახალისება ხდება უცხოეთიდან.

„როდესაც ერთსა და იმავე დონეზე აყენებენ კონსტიტუციის დარღვევას და ევროპულ მომავალს, ეს ძალიან შემაშფოთებელია და საზოგადოებისთვის მძიმე მესიჯია. საზოგადოებას ვეუბნებით, რომ კარგია ევროპა, ევროპული მომავალი, სადაც პატივს სცემენ კონსტიტუციას, კანონს, ადამიანის უფლებებს, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებას და გამოდიან რადიკალები, ადგილობრივი ოპოზიცია, ასევე მათი მხარდამჭერი ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი და აკეთებენ სამარცხვინო განცხადებებს, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლასა და  ევროინტეგრაციას, ევროპულ მომავალს შორის პარალელს ავლებენ. როგორ შეიძლება ასეთი რაღაც?! ევროპა და ევროპული მომავალი იმიტომ გვინდა, რომ იქ პატივს სცემენ კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. შეუძლებელია, კონსტიტუციის დარღვევა და შენი სახელმწიფოს უპატივცემულობა ევროინტეგრაციის, ევროპული მომავლის საპირწონე იყოს. ესაა პირდაპირი წახალისება იმ სიბინძურის, სიყალბის, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს. პრეზიდენტმა თავადაც კარგად იცის, რომ კონსტიტუცია დაარღვია. ამ ყველაფრის წახალისება ხდება უცხოეთიდან, ე.წ. მეგობრების მხრიდან. ისინი პირდაპირ ჩვენი ქვეყნის მტრები არიან, იმის, რომ, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ყველაფერს აკეთებენ, როგორმე ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა. ეს ბევრი რამით დასტურდება და სამწუხაროა. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ყველას, საქართველო შემდგარი, სუვერენული სახელმწიფოა, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის მოსახლეობას, ეროვნულ ინტერესს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანაში მოაწყონ რევოლუციები, გადატრიალებები, ხელისუფლების დამხობა და შემდეგ ეს ქვეყანა გამოყენებული იყოს საზარბაზნე ხორცად, როგორც მეორე ფრონტი. ამის უფლებას არავის მივცემთ. მინდა, ეს კარგად იცოდეს როგორც ქვეყნის შიგნით მტრებმა, ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა შემაშფოთებელია.

„შემაშფოთებელი და მძიმეა ის, რასაც პრეზიდენტი აკეთებს. თქვენი, ჩემი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უპატივცემულობაა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს კონსტიტუციის დამცველი, პირველი არღვევს კონსტიტუციას ისე, რომ ეს გათვალისწინებული აქვს, იცის, რომ არღვევს კონსტიტუციას და ამას მიზანმიმართულად აკეთებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.