კახა კალაძე - საქართველო დღეს მშვიდობიანი განვითარების გზას ადგას, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გამოწვევა, სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებსაც სურთ, ქვეყანა ბნელ წარსულში დააბრუნონ
2012 წელს, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ტერორი და ძალადობა, ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე, პირადი კომფორტი გვერდზე გადადეს და ქვეყნის გათავისუფლების საქმეში ჩაერთნენ, საბოლოოდ კი, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მტრული ძალა ერთად ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას, რაც ყველაზე მთავარიამ, ეს მოვახერხეთ მშვიდობიანი, არჩევნების გზით, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თერჯოლაში განაცხადა, სადაც პარტიამ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან წაქაძე და მერობის კანდიდატი ლაშა გოგიაშვილი წარადგინა.
მისივე თქმით, დღესაც საქართველო მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზას ადგას, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გამოწვევა და არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ, ქვეყანა ბნელ წარსულში დააბრუნონ.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს, თერჯოლელების, ერთგული თანამებრძოლების წინაშე ვიმყოფები, ადამიანების, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, თავიანთი აქტიური ჩართულობით ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ. ასე იყო 2012 წელს, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ტერორი და ძალადობა, როდესაც ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე, პირადი კომფორტი გვერდზე გადადეს და ქვეყნის გათავისუფლების საქმეში ჩაერთნენ, საბოლოოდ კი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მტრული ძალა ერთად ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ეს მოვახერხეთ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით, როგორც ყველა განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ხდება. ასე არის დღესაც, როდესაც ქვეყანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზას ადგას, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გამოწვევა და ჯერ კიდევ სამწუხაროდ არიან ძალები, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანა ბნელ წარსულში, ძალადობაში დააბრუნონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი არსებულ პოლიტიკურ სივრცეში ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა, არსებული გამოწვევების გადაჭრის რეალური რესურსი და უნარი გააჩნია.
„ეს კარგად გამოჩნდა კორონავირუსის პირობებში, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის დროსაც, როდესაც საქართველომ ბევრად განვითარებულ ქვეყნებზე უფრო წარმატებით მოახერხა ვირუსის პირველი ტალღასთან გამკლავება, მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. ამასთან ერთად, ხელისუფლებამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაეხმარა როგორც ეკონომიკურ სუბიექტებს, ასევე რიგით მოქალაქეებსა და განსაკუთრებით იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებსაც კრიზისის პირობებში სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
მე აქ არ დავიწყებ წინა წლებში განხორციელებული პროექტებისა, თუ წარმატებული პროგრამების ჩამოთვლას, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აბსოლუტურად ყველა სფეროში გვაქვს პროგრესი და წინ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც თითოეულ ოჯახზე უნდა აისახოს და თითოეულმა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს. მომდევნო წლებში, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იქნება, რომ დავძლიოთ ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემები, არსებული გამოწევევები და თითოეული ოჯახი უფრო მეტად გავაძლიეროთ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, რათა ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალიხმევით, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.