კახა კალაძე - საოცრება იყო ლორდთა პალატაში საქართველოს შესახებ დებატები, დავთვალე და დარბაზში სამი კაცი იყო, ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს
ლორდთა პალატა საოცრება იყო, დარბაზში სამი კაცი იყო. ვისმენდით განცხადებებს, რომ 2012 წლამდე საქართველოში არსებობდა დემოკრატიის შუქურა, ახლა გარკვეული პრობლემა არის ამ მიმართულებით, თუმცა, რეალურად, აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს კითხვით მიმართეს ბრიტანელი დეპუტატის, ადამ ჰოლოვეის ლორდთა პალატაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ პროპუტინისტური, პრორუსული ჯგუფია, რომლის ხელმძღვანელობაც საქართველოს რისკის წინაშე აყენებს, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს, მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმებს.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებსა და პროგრესს ქართველი ხალხი ხედავს და რეფორმები კვლავაც გაგრძელდება.
„ლორდთა პალატა საოცრება იყო, „გადავსებული დარბაზი“ და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში. ესეც საქართველოს მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. დავთვალე და დარბაზში სამი კაცი იყო, თუმცა ეს ყველაფერი გასაგებია. რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. ვისმენდით მათ განცხადებებს, რომ 2012 წლამდე ქვეყანაში იყო დემოკრატიის შუქურა, ახლა არის გარკვეული პრობლემა ამ მიმართულებით, თუმცა, რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს და ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ თავზე გრძნობს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები რას გრძნობენ საკუთარ თავზე. ძალიან მარტივია, გავაკეთოთ შედარება – რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს, რა ვითარება გვაქვს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, მიღწევები და, რა თქმა უნდა, ეს გზა მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე, ამ ურთულეს გზაზე განსახორციელებელი რეფორმების თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ რთულ გზაზე სიარულს გააგრძელებს და ამ მიმართულებით ყველაფერს გააკეთებს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ერთია, ვიღაც რას ამბობს საქართველოზე და მეორეა რეალობა, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე. 2012 წელი საქართველოს უახლეს ისტორიაში არის წყალგამყოფი – რა ხდებოდა, რა ვითარება იყო ამ წლების განმავლობაში, როდესაც სისხლიანი რეჟიმი მართავდა ქვეყანას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს და რა ხდება 2012 წლის შემდეგ, რა მიღწევები გვაქვს, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული. შეხედეთ, დაელაპარაკეთ საზოგადოებას, ჰკითხეთ ხალხს, როგორ გრძნობენ თავს, მაშინ რა იყო, დღეს რა არის. შედარების გაკეთება ძალიან მარტივია. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას, გავაგრძელებთ იმ გზაზე სიარულს, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული ამ რთულ გზაზე“, – აღნიშნა კალაძემ.