კახა კალაძე - სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, ვისაც აქვთ სურვილი დაპირისპირების, ხელისუფლების დამხობის, შეიძლება, ამას გარედანაც მხარს უჭერდნენ, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ
აღნიშნული კანონპროექტი არ არის ჩვენი მოგონილი, ბევრ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ანალოგიური კანონები მოქმედებს და, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ჯერ კიდევ გარკვეული საფრთხეები, რომ გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ მცდელობა დაძაბულობისა და არეულობის მოწყობის, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღება.
„ცხადია, ვინც შეეწინააღმდეგება ამას და ვინც ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ არის იმ რადიკალური კურსის გამტარებელი, რაზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა. უნდა აღინიშნოს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები, ვისაც აქვთ სურვილი დაპირისპირების, ხელისუფლების დამხობის და ვიღაცები შეიძლება, ამას გარედანაც მხარს უჭერდნენ, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან გვინდა, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – განაცხადა კალაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო 19 ოქტომბერს დაადო.