კახა კალაძე სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით ჯარიმების გაზრდის ინიციატივით გამოდის 
კახა კალაძე სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით ჯარიმების გაზრდის ინიციატივით გამოდის 

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, პარლამენტს მერია შეხედულებებს წარუდგენს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ განუცხადა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო.

კალაძის თქმით, რეგულაციები მშენებელი კომპანიებისთვის სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით ჯარიმების მატებას ითვალისწინებს.

„ქვეყანაში სამშენებლო რეგულაციების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემა გვაქვს. ამ მიმართულებით, რეფორმები დაწყებულია. პირველი, რაც გავაკეთეთ, როდესაც დავიწყეთ მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ 41-ე დადგენილებაში – ეს არის უსაფრთხოება, სახანძრო სისტემების მოწესრიგება ყველა მშენებლობის დროს.

კიდევ ბევრია გასაკეთებელი. სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მშენებლობებზე ადამიანები იღუპებიან, გადმოვარდნის ფაქტებია. ეს იმიტომ ხდება, რომ იმდენად მცირეა ჯარიმა, ინვესტორს არ აქვს იმის მოტივაცია, რომ იქ მომუშავე ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული. როდესაც მაღალი ჯარიმები დაეკისრება ინვესტორს, მისი ინტერესი იქნება, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული. შეუძლებელია, ადამიანები ახორციელებდნენ მოპირკეთებით სამუშაოებს ფასადებზე ყოველგვარი დამცავების გარეშე და იმიტომ ვიღებთ ამ შედეგს.

როდესაც იქნება მაღალი ჯარიმები, მერე ყველა დაფიქრდება და ყველას ინტერესში იქნება ის, რომ საკუთარ სამშენებლო მოედანზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და რამდენიმე დღეში პარლამენტს ჩვენს შეხედულებას წარვუდგენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.