თბილისში სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე გაზრდილი საჯარიმო სანქციები დღეიდან ამოქმედდა
საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისევე, როგორც უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძალაში დღეიდან შევიდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერმა საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული მიმართულებით პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ცვლილებებით, მივაღწევთ იმას, რომ მშენებლობებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ჯარიმები ფაქტობრივად გაათმაგდა – დარღვევები 3000 ლარიდან 30 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო მეორე შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ყველაფერი გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაჯარიმოთ, არამედ იმისთვის, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდის სტატისტიკური მონაცემებით, სამშენებლო ობიექტებზე გარდაცვლილთა რიცხვმა იმატა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, რა თქმა უნდა, შევძლებთ იმას, რომ როგორც დამკვეთი, ასევე შემსრულებელი იყოს მოტივირებული, რომ მის ობიექტზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ამ სფეროში მომდევნო თვეების განმავლობაში, ძალიან ბევრ საინტერესო ცვლილებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მენაშენეთა ასოციაციასთან იქნება გავლილი, ვინაიდან სამშენებლო სექტორი ქალაქის ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.