კახა კალაძე - სამშენებლო კომპანიებს ვარკეთილის მესამე მასივის ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ
სამშენებლო კომპანიები, ვარკეთილის მესამე მასივის ავარიული საცხოვრებელი სახლების მოსახლეობასთან, მერიის მიერ დაგეგმილი განაშენიანების კონცეფციის გვერდის ავლით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თბილისში ავარიული შენობა-ნაგებობები, სამწუხაროდ, ბევრია. მათგან ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. არსებობს ჩვეულებრივი შენობა- ნაგებობები, რომლის ავარიულობა კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება. ეს პრობლემა ყველა რაიონში არსებობს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივზე, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით არის განთავსებული მესამე და მეოთხე კლასის ავარიული შენობები, რამდენიმე მეხუთე კლასიც არის. ამ ტერიტორიის განაშენიანების კონცეფცია დედაქალაქის მერიამ უკვე შეიმუშავა. ჩვენ დავდეთ ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები და რა უნდა აშენდეს ამ ავარიული შენობა-ნაგებობების ნაცვლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, კონცეფცია საკრებულოში უახლოეს მომავალში გაიგზავნება რის შემდეგაც, სამშენებლო სექტორთან კომუნიკაცია შედგება და კონკურსი გამოცხადდება. მანამდე კი, დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ცრუ დაპირებებისგან.
„სამშენებლო კომპანიების მხრიდან პროექტების წინასწარ დატაცების მცდელობას აქვს ადგილი. რომლითაც, ვღებულობთ იმას, რომ მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში და არასწორ მოლოდინებს აჩენენ. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც ცრუ ინფორმაციისა და არასრული მონაცემების საფუძველზე იწყებენ მოლაპარაკებას და გარკვეულ დაპირებებს აძლევენ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან, ნუ აზარალებენ მთლიანად პროცესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი მოსახლეობას ურჩევს, კონცეფციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე ხელშეკრულებები არ გააფორმონ.
„მინდა, ადგილობრივ მოსახლეობას ვთხოვო, ვიდრე კონცეფციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, არავისთან კომუნიკაციაში არ შეხვიდეთ და ხელშეკრულებები არ გააფორმოთ. ჩვენ ვიცავთ მოსახლეობის ინტერესებს და გვინდა, სწორად მოხდეს ამ არეალების განვითარება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.