კახა კალაძე - კომპანია „სვეტს“ ექნება ყველანაირი შესაძლებლობა, განაახლოს მშენებლობა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანია „სვეტს“ დაჩქარებული წესით მისცემენ მშენებლობის ნებართვას და ექნებათ ყველანაირი შესაძლებლობა, განაახლონ მშენებლობა.
„რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მიდიოდა აპელირება იმაზე, თითქოს მშენებლობის ნებართვების არქონის გამო ისინი შეფერხებული იყვნენ. ჩვენი სამსახურები ჩართული იყვნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს მშენებლობის ნებართვის მიცემა, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება. მათ ექნებათ ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ განაახლონ მშენებლობა თუ ამის რესურსი გააჩნიათ მათ დაველოდოთ მოვლენებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„სვეტი დეველოპმენტის“ ოფისში სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულები რამდენიმე დღეა, შიმშილობენ. ისინი „სვეტის“ სხვა კომპანიით ჩანაცვლებას და მშენებლობების დასრულებას ითხოვენ. დაზარალებულებს გუშინ კახა კალაძე შეხვდა და მერიის კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერასა და მშენებლობის გასაგრძელებლად ნებართვების დაჩქარებულ ვადაში გაცემას დაპირდა.