კახა კალაძე - „სამართლიან არჩევნებს“ იმიჯი ძალიან შეელახა, დიდ სკანდალში გაეხვია, გააყალბა მონაცემები, მტკიცებულებების გარეშე მათ განცხადებებს არ ვენდობი
თბილისის მერი კახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ განცხადებებს არ ენდობა, ვინაიდან აღნიშნულ ორგანიზაციას იმიჯი ძალიან შეელახა.
კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ორგანიზაციის ანგარიშის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც საუბარია „სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით მუქარასა და ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებაზე“.
კალაძის თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
„ფაქტები უნდა დაიდოს. „ისფედი“ არის ორგანიზაცია, რომელსაც იმიჯი ძალიან შეელახა, დიდ სკანდალში გაეხვია, გააყალბა მონაცემები, რომელიც იქნა გამოქვეყნებული. შესაბამისად, ამ განცხადებებს მე არ ვენდობი, თუ რაიმე მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ასევე ანგარიშში მოხვდა ისეთი ცალკეული მოვლენებიც, რომლის განვითარება 31 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის ორი, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების – ოთხი, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის 20, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების სამი, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ხუთი, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის – ერთი, არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 13, საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების ხუთი ფაქტი. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები.