კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი სამაგალითო პრეზიდენტი იქნება არამხოლოდ რეგიონში, არამედ თავის წვლილს შეიტანს ევროპის პოლიტიკაშიც
სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ისტორიაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ სპორტის სასახლეში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ყველა ეტაპზე ვცდილობდით, რომ ქვეყნის პოლიტიკაში დაგვემკვიდრებინა ახალი, მაღალი სტანდარტი, ევროპული ტიპის დემოკრატია და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდით ამ სტანდარტების გათვალისწინებით. ამ სტანდარტის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011 წელს მიიღო გადაწყვეტილება, მოსულიყო ქართულ პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც ქვეყანაში იყო სრული ნიჰილისტური განწყობა და არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო არჩევნების, მშვიდობიანი გზით სისხლიანი რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეს მოვახერხეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალაუფლება და უმაღლესი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ამით საფუძველი ჩაუყარა საქართველოსთვის სრულიად ახალ პოლიტიკურ მიდგომებს.
„ეს გამოიხატა აგრეთვე ახალი კონსტიტუციით, რომლითაც „ქართული ოცნება“ ერთადერთ ხელისუფლებად იქცა, რომელმაც ცვლილებებით ძალაუფლება კი არ გაიზარდა, არამედ პირიქით, მაქსიმალურად შეიზღუდა და ეს გამოიხატა თუნდაც იმაში, რომ მმართველმა პარტიამ, ქვეყნისა და დემოკრატიიის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ, ზეპარტიულ კანდიდატს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მმართველი პარტია მხარს უჭერს კანდიდატს, რომელიც არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური გუნდის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იქნება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უდიდესი დიპლომატიური და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, ღირსეული ქართველების შთამომავალს, რომელიც ყველაზე ზუსტად შეესაბამება კონსტიტუციით პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ როლს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მშვიდობიან, ევროპულ მომავალს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს. ის იქნება სამაგალითო პრეზიდენტი არამარტო რეგიონში, არამედ თავის წვლილს შეიტანს ევროპის პოლიტიკაშიც, დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობაში და იქნება საერთო სახალხო პრეზიდენტი, იქნება მედიატორი პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ისტორიაში და მჯერა, ახალი ერა დაიწყება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მოწყობაში.
მინდა, მოგიწოდოთ და გთხოვოთ ყველას, ვისაც გაწუხებთ საქართველოს ბედი, ვინც ზრუნავთ არამარტო საკუთარ ბედზე, არამედ გაწუხებთ საზოგადოების სწორად განვითარება, ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილს, პირველ ქალ პრეზიდენტს ქვეყნის ისტორიაში, პირველ ზეპარტიულ პრეზიდენტს საქართველოში. შევუწყოთ ხელი ხელი დემოკრატიის განვითარებას. მიეცი ხმა თანამედროვე საქართველოს.
ზურგი ვაქციოთ ერთხელ და სამუდამოდ დაპირისპირებას შეურაცხყოფას, საზოგადოების დაყოფას, არეულ წარსულს და ყველამ ერთად ახალი ქვეყანა ავაშენოთ, სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, იმედზე და განვითარებულ მომავალზე“, – განაცხადა კახა კალაძემ და სალომე ზურაბიშვილს წარმატებები უსურვა.
სპორტის სასახლეში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.