კახა კალაძე - საკუთარი ექიმების მიერ დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს სააკაშვილის წამება ჰგონია, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით, რა იყო წამება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტულ საქმეებზე გასამართლებული და იხდის სასჯელს.
აღნიშნული კომენტარით კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზვიად კუპრავას შეკითხვას: „არის თუ არა მისაღები თქვენთვის საქართველოს პრეზიდენტის, არა მესამე პრეზიდენტის, არამედ ზოგადად საქართველოს პრეზიდენტის ფარმაკოლოგიური წამება, წამება ფიზიკური, მათ შორის რომელიც გაიარა გლდანის დაწესებულებაში, ზოგადად საქართველოს პრეზიდენტის პატიმრობა“.
„არავის სიამოვნებს ადამიანის დაჭერა, დაკავება და საპატიმროში ყოფნა. ვინც არ უნდა იყოს ის, არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანურად ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ როდესაც შენ გაქვს დანაშაული ჩადენილი, როცა შექმენი ის მმართველობა, ის სისხლიანი, ის ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტულ საქმეებზე გასამართლებული და იხდის სასჯელს. შესაბამისად, სააკაშვილი არის დამნაშავე და ის იხდის სასჯელს. საკუთარი ექიმების მიერ დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება. გვერდზე რომ გიზით ბატონი ონიანი, ჰკითხეთ, წამება როგორი იყო და როგორ აწამებდნენ ადამიანებს. თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები, ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.