კახა კალაძე - საკრებულოს წარედგინა ბიუჯეტის პირველადი ვერსია, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ, დეტალურად ვისაუბრებთ ყველა პროექტზე, რომელიც აისახება 2023 წლის ბიუჯეტში
თბილისის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დედაქალაქის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წარედგინა.
კახა კალაძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომლის დასრულების შემდეგაც საზოგადოებას დეტალურად მიაწოდებენ ინფორმაციას ყველა იმ პროექტზე, რომელიც იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.
„დღეს ავხსენი, რომ ეს არის პირველადი ბიუჯეტი და არა საბოლოო, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საკრებულოში გადაგზავნილ ბიუჯეტში არ არის ასახული არც ერთი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს 2023 წელს, არ არის ასახული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, როდესაც დავასრულებთ მოლაპარაკებებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დამატებით ტრანსფერთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ 2023 წელს განხორციელდეს სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები, საზოგადოებას დეტალურად გავაცნობთ ყველა იმ პროექტს, რომელიც იქნება წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტში. ეს იყო პირველადი ბიუჯეტი და განვმარტე კიდეც, რომ ამით არ დასრულდებოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.