კახა კალაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად მივა ბოლომდე იმ ადამიანების გარეშეც, რომლებიც ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან
დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ დამტკიცდება და არანაირი პრობლემა არ შეექმნება ამ მნიშვნელოვან ცვლილებას, რითაც ჩვენ ახალ საარჩევნო მოდელზე გადავდივართ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა.
„თქვენ იცით, კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ 2024 წლიდან გვექნება სრული პროპორციული საარჩევნო სისტემა და ვფიქრობ, ეს სიახლე 120/30 -ზე იქნება გარდამავალი, რათა უფრო კარგად მოვემზადოთ 2024 წლისთვის. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განშტოებებს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გამოდიან მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან. შესაბამისად, ცვლილება აუცილებლად მივა ბოლომდე. ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს პარლამენტში ამ ცვლილებას და იმ კონკრეტული ადამიანების გარეშეც, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან, იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.