კახა კალაძე - საკმაოდ ბევრი შენობა-ნაგებობა და ძეგლი გვაქვს ავარიულ, მძიმე მდგომარეობაში
ჩვენ საკმაოდ ბევრი შენობა-ნაგებობა და ძეგლი გვაქვს ავარიულ, მძიმე მდგომარეობაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ავარიული შენობების რეაბილიტაციაზე მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება მუშაობა.
„ჩვენ საკმაოდ ბევრი შენობა-ნაგებობა და ძეგლი გვაქვს ავარიულ, მძიმე მდგომარეობაში. შემთხვევით არ არის, რომ ჩემი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაცია და ამის ნათელი მაგალითია გუდიაშვილის მოედნის, ორბელიანის რეაბილიტაცია, თუმცა იმ პრობლემასთან შედარებით, ეს არის ზღვაში წვეთი. ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ განვახორციელოთ რაც შიძლება მეტი ქუჩისა და უბნის რეაბილიტაცია, რადგან ეს არის ის სიმდიდრე, რაც ქალაქს აქვს. მას სჭირდება მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც ამ კონკრეტულ ფართებში ცხოვრობენ, რეაბილიტაციის შემდგ მოუარონ და არ მივიღოთ ის შედეგი, რაც მაგალითად აღმაშენებელზე მოხდა”, – განაცხადა კახა კალაძემ.