კახა კალაძე - სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები კანონის ჩარჩოებს გასცდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსთველის გამზირზე საპოლიციო ღონისძიება წესრიგის აღსადგენად ჩატარდა.
„ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა და აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს დილიდან ამ ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა.
„მიუხედავად შსს-ს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების, თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.
კალაძის შეფასებით, პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და კვალიფიციურად იმოქმედა, აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა.
„გვსურს, ამისთვის მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია. მომიტინგეები თავისუფლად განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს, როგორც თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას“, – განაცხადა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.