კახა კალაძე - სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მოხდა და იქ არავინ ცხოვრობდა
არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს შეუძლიათ, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.
მისი თქმით, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მოხდა და იქ არავინ ცხოვრობდა.
„ტყუილია, რომ აქ ვინმე ცხოვრობდა. ამ ნაგებობების მშენებლობა დაწყებული იყო რამდენიმე კვირის წინ. ახლა კი მათი დემონტაჟი მოხდა. ეს არის სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. არსებობენ გარკვეული თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს შეუძლიათ, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ დაუკანონებენ. ამაში ფულს სძალავენ. ეს არის დიდი ტყუილი. არაერთი განცხადება გამიკეთებია ამ თემაზე და კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას, რომ შეცდომაში ნუ შეხვალთ და უკანონობა არ გააკეთოთ. ჩვენ გვაქვს არაერთი პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს ვეხმარებით. თუ ადამიანს საცხოვრებელი არ აქვს, ქირით გაგვყავს ან უსახლკარო ოჯახებს მუნიციპალურ საცხოვრებელ სახლებს გადავცემთ. მე საზოგადოებას ისიც არაერთხელ ვაჩვენე, თუ ვინ დგას მსგავსი ქმედებების უკან – ადამიანები, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები თბილისშიც აქვთ და რეგიონებშიც. ასევე, თუ ვიღაცას თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერია მას ბინას უყიდის. ეს დამოკიდებულება არასწორია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.