კახა კალაძე - საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერ ადამიანზე, არანაირი „მაგრამ“ არ განიხილება
საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება, ეს არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქმიმართვისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, წესების დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„გაითვალისწინეთ, რომ 10 დღის განმავლობაში სადაც არ უნდა წახვიდეთ, მოქმედებს ის წესები, რომელიც ამოქმედდება დღეს საღამოს 21:00 საათზე და რომელზეც პრემიერ-მინისტრმა გუშინ ვრცლად ისაუბრა. ამ შაბათ-კვირასაც იგივე წესები მოქმედებს, რაც სხვა დღეებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არავის სიამოვნებს იმ ვითარებაში, იმ მდგომარეობაში ცხოვრება, რაც დღეს არის.
„არ გვსიამოვნებს იმ შეზღუდვების დაწესება, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში გადაწყვეტილება მივიღეთ. მესმის, რომ ძალიან რთულია ასე ცხოვრება, ყველას გვიჭირს, მაგრამ ყველა ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული. ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისევ და ისევ იმიტომ, რომ დავიცვათ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს. აქ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც კი გვაქვს, ეს არის ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ ყველა ვალდებულია, დარჩეს სახლში, დაიცვას კანონი. მეტიც, მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის“, – განაცხადა კახა კალაძემ.