კახა კალაძე - საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქში მოსამართლეებთან დაკავშირებით წარწერების განთავსების უკან რადიკალური ჯგუფები დგანან.
„ეს არის რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტი და ეს არ არის პირველი შემთხვევა. გვახსოვს წლების განმავლობაში ასეთი ბინძური კამპანიები, რომლებიც ხორციელდებოდა. ვიცით ყველაფერი, საიდან ფინანსდება, ვისგან ფინანსდება. აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ეს ყველაფერი, ვინ იყო შემსრულებელი, ვისი დაკვეთით კეთდებოდა. რაც შეეხება მოსამართლეების პატიოსნებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მთელი რიგი კვლევები. საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. ყველაფერი არის შედარებითი. გვახსოვს, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ამ მიმართულებით, როგორი წინსვლა გვაქვს, როგორი ვითარებაა დღეს. ვიმეორებ, საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა ყველა იმ საერთაშორისო კვლევით, რომელიც არის წარმოდგენილი და რომელიც ტარდება. ეს ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევები ხომ არ არის, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.