კახა კალაძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ფრთა, პოლიტიკით გაჯერებული ორგანიზაციაა 
კახა კალაძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ფრთა, პოლიტიკით გაჯერებული ორგანიზაციაა 

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პოლიტიკით გაჯერებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რის გამოც 2022 წლის კორუფციის ინდექსთან დაკავშირებით მის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე შეფასების გაკეთება გაუჭირდება.

კალაძის თქმით, საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ფრთა, რომელსაც ჰქვია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. მას არასამთავრობო ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან, მათი განცხადებებიდან გამომდინარე, პოლიტიკით გაჯერებული ორგანიზაციაა. ასე რომ, გამიჭირდება შეფასება. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა კორუფციასთან ბრძოლისთვის, ეს ერთი ნაბიჯით არ აღიწერება. ყოველდღიურად მიმდინარეობს ბრძოლა, რათა კორუფცია იყოს აღმოფხვრილი. სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში ნახავთ, აქვს თუ არა წინსვლა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ (CPI), რომლის მიხედვით, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის.