კახა კალაძე - სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს
ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში, მომავალშიც მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად, რომელ თანამდებობაზეა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერი პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს წარმატებებს უსურვებს.
„სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს შეიძლება, იყოს პოლიტიკა, ბიზნესი, ვიყოთ რიგითი მოქალაქე, ყოველთვის უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ამას თავად პრემიერობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე დაასახელებს, თვითონ გააკეთებს განმარტებას და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.
„გუნდი არის ერთიანი. 2024 წელი არის საპარლამენტო არჩევნების წელი და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს „ქართული ოცნება – დემორატიული საქართველოა“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულად ჩაებმება მიმდინარე პროცესებში.
„როცა გასაკრიტიკებელია ხელისუფლება, შეიძლება, გააკრიტიკო, მაგრამ ის რადიკალიზმი, რასაც ვხედავთ კონკრეტული პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ეს, პირველ რიგში, დამაზიანებელია მათთვის და ამის არაერთი მაგალითი არსებობს წლების წინ. ასე რომ, არ ვიცი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვიღაც კონსტრუქციული იქნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის“, – განაცხადა კალაძემ.