კახა კალაძე - სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ხელს შევუწყობ ფეხბურთელების წინსვლას, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა ქართული ფეხბურთი იყოს წარმატებული
ყველა გზას და კავშირს გამოვიყენებ, რომ ჩვენი ქართველი ფეხბურთელები იყვნენ წარმატებული, თამაშობდნენ მაგარ გუნდებში, რადგან მათი წარმატება და გამარჯვება პირადად ჩემი გამარჯვება და ჩვენი სამშობლოს გამარჯვებაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
კახა კალაძემ ცილისმწამებლური და აბსურდული უწოდა პარტია „ახლის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ბრალდებას, თითქოს საქართველოს ნაკრებში ადამიანები თბილისის მერის დამსახურებით ხვდებიან, რაც ყოვლისმომცველი კორუფციაა.
„მე დღეს ვთქვი, რომ გიორგი ქოჩორაშვილის ნაკრებში თამაშში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის. გიორგის ვაკვირდებოდით „ლევანტედან“, მაშინ, როდესაც ძალიან ცოტა თამაშს თამაშობდა და ვამბობდით, რომ ის იქნებოდა ერთ-ერთი გამორჩეული, უნიჭიერესი ფეხბურთელი ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის. აღარ გავაგრძელებ და დეტალებში არ შევალ. დღეს გამოვიდა ნიკა გვარამია და თქვა, რომ სუფთა კორუფციაა, რომ კახა კალაძე რეკომენდაციას უწევს ვინმეს, ნაკრებში მოხვდესო. დახმარებას, ხელშეწყობას უწოდა ქართული ფეხბურთის სფეროში არსებული კორუფცია. თუ ვინ არის ნიკა გვარამია, ამის ახსნას არ დავიწყებ, რაც არ უნდა სახელი შეიცვალოს, გინდა, „ახალი“ ან „ოქრო“ დაირქვას, ყველამ ვიცით, ვინ იყო პროკურორი ნიკა გვარამია, რა სიბინძურით, რა ბოროტებით და ცილისწამებით იყო დაკავებული თავის გუნდთან ერთად, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ერქვა. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ეცადოს, ვერ ჩამოირეცხავს იმ სიბინძურეს, რაც აკეთა. დღესაც იმავეს აგრძელებს. მე მახსოვს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ისეთი რაღაცები იკადრა. საოცარი ისაა, რომ დღეს ეს ადამიანები ერთად არიან და ერთ რადიკალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ. მას სპორტის საერთოდ არაფერი გაეგება და არც სიყვარული გააჩნია სპორტის მიმართ. გვარამიაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ის არის ერთ-ერთი წარმომადგენელი იმ ძალის, რომელიც ებრძვის მშვიდობას, ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ებრძვის წარმატებულ ადამიანებს. მე, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ხელს შევუწყობ ფეხბურთელების წინსვლას, განვითარებას, თუკი რაიმე კავშირები, შესაძლებლობები გამაჩნია, მეგობრობა – ყველაფერს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთი იყოს წარმატებული, ჩვენი ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ მაგარ გუნდებში და იყვნენ წარმატებული, რადგან მათი წარმატება და გამარჯვება პირადად ჩემი გამარჯვება და ჩვენი სამშობლოს გამარჯვებაა და, რა თქმა უნდა, მათ ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან,“- აღნიშნა კახა კალაძემ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სახელმწიფოს მხრიდან სპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ამ მხარდაჭერის შედეგი მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.
„ის გამარჯვებები და წარმატებები შემთხვევით არ მოსულა არც ფეხბურთში და არც სპორტის ნებისმიერ სახეობაში, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს. ეს უშუალოდ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. გარკვეულწილად, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგიცაა, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატებები. რადიკალური ოპოზიცია როდესაც ხელისუფლებაში იყო, დაკავებული გახლდათ სპორტული მოედნების გასხვისებით, რის გამოც მუნიციპალიტეტი დღესაც ბიუჯეტის თანხებს იხდის, რომ დაიბრუნოს ის არეალები და შემდეგ იქ სპორტული მოედნები გაკეთდეს. ქართულ ფეხბურთს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნება მხარდაჭერა, თანადგომა. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. ეს არის სიმართლე და რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.