კახა კალაძე - საცობებს უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი ხელმისაწვდომობა
საცობებს უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ არასწორ სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციაში წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ამ მიმართულებით.
„ოპოზიციაში საერთოდ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში რომ არ არიან და წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ამ მიმართულებით, მე ძალიან კარგად მესმის. რაც შეეხება საცობებს, თბილისში პიკის საათებში ფიქსირდება ავტომანქანების რეკორდული მაჩვენებელი. 2012 წლამდე დაახლოებით 180 000-მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა დედაქალაქში, ახლა პიკის საათებში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება და წარმოიდგინეთ, ეს რიცხვი მზარდია. ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება დედაქალაქში. რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? მხოლოდ ერთი რამ: საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურის ისე შექმნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტობუსით, მიკროავტობუსით გადაადგილება იყოს სწრაფი, კომფორტული. ამისთვის ვმუშაობთ, ვაკეთებთ ამდენ გამზირს, ამდენ ქუჩას, იხაზება და კეთდება შესაბამისი ზოლები, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა კომფორტულად შეძლოს გადაადგილება. ვაკეთებთ ყველაფერ იმას, რაც დიდმა და განვითარებულმა ქვეყნებმა გააკეთეს, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს არის საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.