კახა კალაძე - საჭიროა მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით მოხდა მოსამართლეების დასანქცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად
კახა კალაძე - საჭიროა მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით მოხდა მოსამართლეების დასანქცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად

იმედი მაქვს, რომ მოსამართლეების დასანქცირებაზე წარმოდგენილი იქნება დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საჭიროა მტკიცებულებები, გარკვეული დოკუმენტაცია, რაზე დაყრდნობით მიიღეს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცუდი იქნება და პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, აღქმული იქნება ჩვენთვის და ასევე საზოგადოებისთვის სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად. ასეთი დამოკიდებულება და ასეთი გადაწყვეტილებები ამ ურთიერთობებს დააზიანებს“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას, კახა კალაძემ აღნიშნა, რეალობა არის ის, რომ გამოსაძიებელი არაფერია.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვასანქცირებთ ადამიანებს და არ გავცემთ ამ კონკრეტულ ოთხ ადამიანზე ვიზას, ვერ შევლენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არ გვეუბნებიან მიზეზი რა არის, რატომ?  როდესაც საუბარია პარტნიორობაზე, მეგობრობაზე, ამას ყოველთვის აქვს ორი მხარე, ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მზად ვართ, მომავალშიც გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, უფრო საინტერესო იყოს, თუმცა როდესაც ვისმენთ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომელსაც არა აქვს არანაირი არგუმენტაცია, არ აქვს არანაირი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კალაძემ.