კახა კალაძე - საბა ბუაძის ლოგიკით, მამუკა ხაზარაძეს უნდა ჩამოვართვათ ყველაფერი, ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებს არ ვარჩევთ პარტიული კუთვნილების მიხედვით, არ გავაჩერებთ ქალაქის აღმშენებლობას
ოპოზიციას ისეთი კამპანია აქვს, თითქოს მშენებლობა დანაშაულია, გვეუბნებიან, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი თუ ხარ, არ უნდა მოგეცეს ბიზნესის კეთების შესაძლებლობა, ანუ, საბა ბუაძის ლოგიკით, მამუკა ხაზარაძეს უნდა ჩამოვართვათ ყველაფერი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ბიზნესის წარმომადგენლებს არ არჩევს პარტიული კუთვნილების მიხედვით და აღნიშნა, რომ ქალაქის აღმშენებლობა არ გაჩერდება.
„მინდა, შევეხო ერთ კონკრეტულ საკითხს, იმ სამშენებლო აჟიოტაჟს, რომელიც ე.წ. ოპოზიციის მხრიდან იყო წინა კვირის განმავლობაში ატეხილი. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, რათა მოხდეს აღნიშნული მიმართულების დისკრედიტაცია, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თურმე დედაქალაქი ინგრევა, არაფერი სასიკეთო არ კეთდება. ისეთი კამპანია აქვთ, თითქოს მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულია. თან ვინ არიან ეს ადამიანები? მართლა თუკი რამე უბედურება დაემართა ჩვენს ქალაქს, ზუსტად მათი დამსახურებაა, მათი მმართველობის პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი.
იცით, რომ გენგეგმის მიხედვით ხდება დედაქალაქის განვითარება. ერთ-ერთი კომპონენტი, რასაც გენგეგმა გვეუბნება, ეს არის ქალაქის ცენტრში არსებული სივრცეები, რომელიც არის ცარიელი და უნდა განაშენიანდეს, მოხდეს არეალების განაშენიანების რეგულირების გეგმით დამტკიცება. ყველა ის პროექტი, რომელიც წარმოდგენილი იყო საკრებულოში, ყველა არის განაშენიანების რეგულირების გეგმები, სადაც ნებისმიერ პროფესიონალ ადამიანს შეუძლია ჩაიხედოს, ნახოს, რა მოთხოვნებია ჩვენი მხრიდან, რა ვალდებულებები აქვთ ინვესტორებს, მაგრამ ეს არ აინტერესებთ, დეტალებში არავინ შედის. არის მხოლოდ პოლიტიკური ნარატივი, რომ მშენებლობა ცუდია, დაუშვებელია და დანაშაულია. არის ნარატივი, რომ კონკრეტული სამშენებლო კომპანიები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები, მხარდამჭერები და როგორ შეიძლება, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა თურმე განახორციელოს აღნიშნული პროექტები. ეს არის „ნაცური“ ნარატივი. „ნაცურსაც“ ვერ დავარქმევ. ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ქვეყანაში და ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც რეალურად სურვილი აქვს ქვეყნის ევროპული მომავლის, უნდა ვებრძოლოთ ამ ყველაფერს.
გვეუბნებიან, თუ ხარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგეცეს ბიზნესის კეთების შესაძლებლობა. ანუ, საბა ბუაძის ლოგიკით, უნდა გავუშვათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები. მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც საკმაოდ დიდი ბიზნესი აქვს სამშენებლო მიმართულებით და ლისის მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანებას ახორციელებს კანონიერად, უნდა მივადგეთ და ჩამოვართვათ ყველაფერი, თურმე უნდა გავუჩეროთ და დავუნგრიოთ ყველაფერი. ეს არის საბა ბუაძისეული აზროვნება და ჩვეულებრივი საბა ბუაძეები არიან, არ იფიქროთ, სხვას, ვინმეს მასზე მეტი აზროვნება შეეძლოს ან გონივრული შესაძლებლობა ჰქონდეს, ყველა ერთნაირია. ეს არის მათი აზროვნება და ხელისუფლებაში ყოფნისას ზუსტად ამ დამოკიდებულებით იყვნენ. დღეს მაგასაც ვერ იაზრებთ, რატომ ხართ იქ, სადაც ხართ და როგორც ხართ. მერწმუნეთ, ასე იქნებით ყოველთვის, სანამ ვერ გამოიტანთ სწორ დასკვნებს, რა უბედურება მოუტანეთ ხალხს და ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის ხვალინდელ დღეს. დღესაც იმყოფებით ოპოზიციაში და აჩვენებთ საზოგადოებას, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია და ოპოზიციონერი.
ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებს არ ვარჩევთ პარტიული კუთვნილების მიხედვით, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს. ჩვენთვის მთავარია, დავიცვათ კანონი, ის რეგულაციები, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქის ხვალინდელი დღისთვის. არავითარ შემთხვევაში არ და ვერ გავაჩერებთ ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას. ამას არ გავაკეთებთ ისე, როგორც აკეთებდით თქვენ და როგორც ხდებოდა თქვენი მმართველობის პირობებში. საუკეთესო მაგალითი და თქვენი სახე არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი. სხვა ბევრი მაგალითის მოყვანაც შემიძლია. თქვენ მიერ გასხვისებული პარკები, სკვერები, სპორტული მოედნები, რომელთა გამოსყიდვაც უზარმაზარი თანხები უჯდება მუნიციპალიტეტს. დღესაც ვაგრძელებთ ამას, რადგან ჩვენ გვიყვარს ქალაქი, ვცდილობთ, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს შევუქმნათ კომფორტი. მამუკა ხაზარაძე პირობითად მოვიყვანე, სხვა კიდევ ბევრი ადამიანია. ანუ ჩვენ უნდა დავდგეთ და ჩვენმა სამსახურებმა არკვიონ, ვის რა პოლიტიკური კუთვნილება აქვს და ამის მიხედვით უნდა გავცეთ თურმე სამშენებლო ნებართვები. თქვენ როდესაც ხელისუფლებაში იყავით, ეს ნარატივი გქონდათ და იმიტომ ხართ დღეს იქ, სადაც ხარ და დიდი ხანი დარჩებით მანდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.