კახა კალაძე - საარჩევნო სისტემის ცვლილება თუ ვერ მოხდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუმცა საგანგაშო არაფერია, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება და საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება.
„ჩემს აზრს გეუბნებით, თუ ვერ მოხდა საარჩევნო სისტემის ცვლილება და ჩავარდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუმცა საგანგაშო არაფერი არ არის, მოგვიწევს არჩევნების იმ სისტემით ჩატარება, რასაც ათეული წლების განმავლობაში ვაკეთებდით. თუმცა ქვეყნისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და ყველასთვის საუკეთესო იქნებოდა, რომ ცვლილება განხორციელებულიყო. ამერიკის საელჩოს განცხადებაში ყველაფერი ცხადი და ნათელი იყო. რა მითითებაც ჰქონდათ მიცემული, ოპოზიცია უნდა მიხვდეს რაზე იყო საუბარი იმ განცხადებაში“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ქონდეს შესაძლებლობა, რომ წარუდგინოს საზოგადოებას ყოველგვარი პრობლემების გარეშე თავიანთი ხედვები.
„უცხოელ პარტნიორებს რაც შეეხება, არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო, დააზიანოს ქვეყნის იმიჯი, შეცდომაში შეიყვანოს და გაუგებრობაში ამყოფოს ჩვენი პარტნიორები. შესაბამისად, არ ვიცი ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, თუ როგორ იმოქმედებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეთანხმება, რომელიც შედგა მასში არ ყოფილა ერთი სიტყვაც კი ნახსენები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული ადამიანები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.