კახა კალაძე - საარჩევნო სისტემაზე ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი, მმართველი გუნდი მზად არის, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი, მმართველი გუნდი მზად არის, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუ როგორი სისტემით უნდა ჩატარდეს 2020 წლის არჩევნები.
„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი, მმართველი გუნდი მზად არის, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, როგორც ამას მოგვიწოდებდნენ ჩვენი პარტნიორი საელჩოები ქვეყნები. მზად ვართ, დავჯდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და განვიხილოთ, როგორი საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. პირადად ჩემთვის არც 100/50-ზე არის პრობლემა, არც 120/30-ზე, არც 110/40-ზე, არც არსებული შერეული სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არჩევნებს იგებს საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერა და არა საარჩევნო სისტემები.
„ყველას გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წელს, არჩევნები რთულად სათქმელია თუმცა, იმ პირობებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვა და მაშინ იყო შერეული საარჩევნო სისტემა. მინდა, მარტივად ვუთხრა ჩვენს ოპონენტებს, საარჩევნო სისტემები ვერ იგებს არჩევნებს “, – განაცხადა კახა კალაძემ.