კახა კალაძე - საარჩევნო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ საუბრობდა მუქარაზე, არეულობასა და დესტაბილიზაციაზე
კახა კალაძე - საარჩევნო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ საუბრობდა მუქარაზე, არეულობასა და დესტაბილიზაციაზე

საარჩევნო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ საუბრობდა მუქარაზე, არეულობასა და დესტაბილიზაციაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„უამრავი ინტერვიუ შეიძლება ამოიღოთ, სადაც პირდაპირ საუბრობდნენ,  გადატრიალებასა და რევოლუციაზე, არ გაგიჭირდებათ, მოიძიოთ, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები. საარჩევნო პერიოდში პირდაპირ მუქარაზე, არეულობასა და დესტაბილიზაციაზე საუბრობდა და სხვა კიდევ დამატებითი საკითხები, რომელიც შესაბამის სამსახურებს გააჩნია, ეგ კიდევ სხვა თემაა“, – განაცხადა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.