კახა კალაძე - საახალწლო ილუმინაციები გადაადგილების შეზღუდვის დროს არ გამოირთვება
დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არსებული ეპოიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ყველამ კარგად იცის, ქვეყანაში როგორი მდგომარეობაა, ბევრი ებრძვის პანდემიას.
„მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ჩვენ, საქართველოში, ყველაფერს ვაკეთებთ დარგის სპეციალისტების, ეპიდემიოლოგების მოთხოვნების გათვალისწინებით, რათა დავიცვათ ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლის უსაფრთხოება, დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა არის ჩვენი მთავარი იარაღი პანდემიასთან საბრძოლველად, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და სიყვარული. როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს შეშინებულები და დათრგუნულები, რა თქმა უნდა, არა, ჩვენი მომავლის რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, დაასუსტებს ამ უხილავ მტერს. ნაძვის ხის ანთების დროს ვთქვი და მინდა, გავიმეორე, ხალისი, ბავშვების ჟრიამული, კისკისი, ეს არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს. მას შემდეგ, რაც მე გამოვთქვი სურვილი, რომ შეზღუდვების დროს გამოირთოს საახალწლო ილუმინაციები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის მიუხედავად, მაინც დაგვეტოვებინა ღამის საათებში განათებები. რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ღამის განათებებს, დღესაც გვქონდა მერიაში ბევრი მსჯელობა, როგორც მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ. გუშინ ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ არ გამოგვერთო ღამით საახალწლო ილუმინაციები. განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ესენი არიან: ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, ეს არის „თბილსერვისის“ თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები. თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები, ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესსა და მძიმე სამუშაოს მალამოდ დაედება. ჩვენ ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს, თითოეული თბილისელის სურვილს, რომ დარჩეს თბილისი განათებული და შესაბამისად, დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლის წყურვილს ჩვენს გულებში, იმედს ჩვენს თვალებში, ვერ ჩაგვაბნელებს. მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. დავიცვათ ერთმანეთი ამ რთულ ვითარებაში და გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც დარგის სპეციალისტები გვაძლევენ. ყველაზე მაგარი დამცავი შესაძლებლობა არის პირბადის ტარება. დავიცავთ ამით საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.