კახა კალაძე - სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს, სამწუხაროა, რომ ის თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებას აჩვენოს, თითქოს მისი მდგომარეობა ცუდია.
მისივე თქმით, სააკაშვილი საჭირო კალორაჟის არმიღებით თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს.
„არაფერი ახალი არ ხდება, ეს ადამიანი აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას. ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს დაანახოს, თითქოს მისი მდგომარეობა ცუდია. რეალურად, ადამიანი არ იკვებება, არ იღებს შესაბამის კალორაჟს. შეიძლება „ვივამედში“ დამზადებული საკვები არ მიიღოს, მაგრამ ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟი, რაც მიზანმიმართული კამპანიაა. ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე ჩირქი მოსცხოს საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად ქვეყანას და აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს.
„არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს. ცხადია, ეს ადამიანი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში, რაც ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.