კახა კალაძე - რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, კონფერენცია ამ ფორმით არ და ვერ გაგრძელდება
რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. განცხადება პარტიის ოფისში, გუნდის წევრებთან ერთად გაკეთდა.
კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება არასწორი და დაუშვებელი იყო.
„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, მსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც დღეს ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში.
პირველი, რითაც მინდა დავიწყო, რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება.
საქართველო არის თავისუფალი ხალხის და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. ჩვენ უკვე 17 საუკუნეა, ვართ მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები და ცხადია, ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის.
საქართველო ასამბლეის წევრია უკვე 26 წელია, თუმცა დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს, ამ ფორმით და მით უმეტეს, რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველო ოკუპაციას ყოველდღე ებრძვის.
„ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ყოველდღე და ყოველ წუთს. უნდა ვებრძოლოთ და ვიბრძვით რაციონალურად, განათლებით, საქმით, ეკონომიკის განვითარებით და ერთიანობით.
დღეს, საზოგადოებაში და ჩვენს გუნდში არის სრული კონსესუსი მომხდართან დაკავშირებით. ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ. დიახ, მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდის დარტყმის ქვეშ დააყენა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, ღონისძიების ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა.