კახა კალაძე - აფეთქების შედეგად დანგრეულ შენობებში შესვლის უფლება როგორც კი მოგვეცემა, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს
მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე დაიწყება.
„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და თბილისი მერიის, მთელი ჩვენი გუნდის სახელით აღვუთქვამ სრულ მხარდაჭერას ამ მძიმე წუთებში. როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და მოგვეცემა დანგრეულ შენობებში შესვლის უფლება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ყველაფერს ეშველება, ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, მაგრამ, სამწუხაროდ, უკან ვერ დავიბრუნებთ გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს. ამ ფაქტმა მთელი საზოგადოება შეძრა, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებულთა დახმარების სურვილი.
ორი დღეა, არ წყდება ზარები და შეტყობინებები რიგითი მოქალაქეებისგან, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, დაეხმარონ დაზარალებულებს სხვადასხვა ფორმით – ფართით, საკვებით და ასე შემდეგ, მადლობას ვუხდი თითოეულ ამ მოქალაქეს სოლიდარობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა იმ სასტუმროების მეპატრონეებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ შეიფარეს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაზარალებული 75 ადამიანი.