კახა კალაძე - როგორ შეიძლება, ადამიანი 21-ე საუკუნეში აქციაზე ძალდატანებით მიიყვანო, ეს წარმოუდგენელია
როგორ შეიძლება, ადამიანი დღეს, 21-ე საუკუნეში აქციაზე ძალდატანებით მიიყვანო, ეს ხომ წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე ჰგონია, რომ საჯარო მოხელე არ შეიძლება, სხვა პოლიტიკური პარტიის აქციაზე მივიდეს. ჩემთვის წარმოუდგენელია ეს მიდგომა და ლოგიკა, რომელიც მათ აქვთ. უბრალოდ, მათ ეს გაჯერებული ჰქონდათ 2012 წლამდე და თუ ადამიანი განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებდა, ან კონკრეტულ საკითხზე განსხვავებული პოლიტიკური დამოკიდებულება ჰქონდა, სამსახურიდან აგდებდნენ, ოჯახს უწიოკებდნენ და მიდიოდა ამ ადამიანების ჩაგვრა-გაუბედურება. 2012 წელს ჩვენ ეს ყველაფერი დავასრულეთ და ეს არის ჩვენი მონაპოვარი. დღეს ყველა თავისუფალია და რა თქმა უნდა, თუ საჯარო მოხელეს სურვილი აქვს, ის აქციაზე გამოვა. როგორ შეიძლება, ადამიანი დღეს, 21-ე საუკუნეში აქციაზე ძალდატანებით მიიყვანო, ეს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ადამიანები იქიდან გამომდინარე მსჯელობენ, რა მეთოდებიც თავად ჰქონდათ“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შეკრება საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, რაც განვითარებული ევროპული ქვეყნების პრაქტიკაა.
„ეს კამპანიის ნაწილია. რა, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში არ გვინახავს ასეთი საარჩევნო მრავალათასიანი შეკრებები?! ეს ჩვეულებრივი კამპანიის ნაწილია. იყო შემაჯამებელი შეხვედრა და ძალიან ბევრი გულანთებული ადამიანი გამოვიდა, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, მშვიდობა და სტაბილურობა. ამ ადამიანებს არ მოსწონთ ის აგრესია და სიძულვილის ენა, რომელსაც ოპონენტის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი ინსტრუმენტი ჰქონდა, რითაც ადამიანებს პირდაპირ ანადგურებდნენ, დღეს კი, მათ ამის საშუალება არ აქვთ, მაგრამ რაც აქვთ, ყველა ინსტრუმენტს იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანებზე, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს, ფსიქოლოგიური ტერორი განახორციელონ.
„აბა, მათმა რომელიმე მხარდამჭერმა გაბედოს და მათ პარტიაზე რაღაც ისე თქვას, გადაუვლიან და გაანადგურებენ. აბა, რომელიმე შედარებით პატარა ოპოზიციურმა პარტიამ მათთან მიმართებით რაღაც განსხვავებული თქვას, მაშინვე გადაუვლიან. არ გახსოვთ, ალეკო ელისაშვილს რა უქნეს?!“, – განაცხადა კალაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ესახება იმ პარტიის დასრულება, რომელსაც ნახევარი მილიონი მხარდამჭერი ჰყავს და, რომელიც ისევ პირველ ოპოზიციურ პარტიად რჩება, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მეორე ტურის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულება მთავარ ამოცანად გამოაცხადეს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს ძალიან მარტივია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი სასჯელის მოხდამდე ციხეში იჯდება, ქვეყანაში სამი წელი არჩევნები არ იქნება და ამ ხნის განმავლობაში ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას საშუალება ექნება, კარგად მოემზადოს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მიიღოს.
„დარწმუნებული ვარ, მჯერა და მინდა, ასე იყოს, რომ ბევრი პოლიტიკური პარტია იყოს, გაჩნდეს სხვადასხვა პლატფორმა, ახალი პოლიტიკოსები და შემოვიდეს სიახლეები. ჩვენ ხომ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ?! გაჩნდებიან ახალი პოლიტიკოსები და უცებ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჭამს ამ ადამიანებს, სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის არანაირ სივრცეს არ ტოვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.