კახა კალაძე - როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მე ვიქნები პირველი, ვინც ხელფასების მომატების საკითხს დააყენებს
როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მე ვიქნები პირველი, ვინც დააყენებს საკითხს, რომ ხელფასების მომატება უნდა მოხდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ მეტროს თანამშრომლების მიერ ხელფასების ზრდის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მუნიციპალიტეტს არ აქვს იმის საშუალება, რომ 45%-იანი ხელფასის მატება განახორციელოს.
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ჩემს თანამშრომლებს რაღაც ჯგუფებად არ ვყოფ და პრიორიტეტებს არ ვანიჭებ. ჩემთვის ყველას საქმიანობა არის მნიშვნელოვანი და ყველას აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა პირველ რიგში დედაქალაქის მოსახლეობის მიმართ. როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, პირველი ვიქნები მე, ვინც დააყენებს საკითხს, რომ ხელფასების მომატება უნდა მოხდეს, არა მხოლოდ მეტროს მემანქანეებისთვის, არამედ ჩვენ გვაქვს რიგი მიმართულებები, სადაც ორჯერ და სამჯერ ნაკლებ ხელფასებს იღებენ ადამიანები, უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ საქმეს სიყვარულით და პასუხისმგებლობით ეპყრობიან. მათ იციან, რომ როგორც კი საშუალება გაჩნდება, ჩვენ მაშინვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, მათ შორის მემანქანეებისაც“, – განაცხადა კალაძემ.