კახა კალაძე - როცა გამოიძებნება დამატებითი თანხები, ყველა პროექტი განხორციელდება, დღეს სხვა პრიორიტეტებია და სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება
კახა კალაძე - როცა გამოიძებნება დამატებითი თანხები, ყველა პროექტი განხორციელდება, დღეს სხვა პრიორიტეტებია და სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება

შემოსავლების ნაწილში 150 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა თბილისის ბიუჯეტმა, რაც ძალიან ცუდია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტენდერები არ ჩერდება, თუმცა გამარჯვებულ კომპანიებთან ჯერ კონკრეტულ პროექტებზე, რაზეც საუბარი იყო წლის დასაწყისში, ხელშეკრულებები არ გაფორმდება.

„იცით, როგორი ამბიციური გეგმები გვქონდა წლის დასაწყისში სხვადასხვა პროექტის განხორციელების თვალსაზრისით. ჩვენ ტენდერებს არ ვაჩერებთ, თუმცა გამარჯვებულ კომპანიებთან ჯერ
იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომელზეც ვსაუბრობდი წლის დასაწყისში, ხელშეკრულებებს არ გავაფორმებთ, რადგან ჯერ ფინანსური შესაძლებლობები არ გვაქვს, მაგრამ მზად ვიქნებით ყველანაირად, როდესაც გამოიძებნება დამატებითი თანხები, რა თქმა უნდა, ყველა პროექტი განხორციელდება. დღეს სხვა პრიორიტეტებია, სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ერთადერთი, რაზეც დღეს ვისაუბრე, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი. პირველ ეტაპზე 300  მიკროავტობუსის შემოყვანა იგეგმება, მთლიანად განახლდება და ჩანაცვლდება არსებული მიკროავტობუსების პარკის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მიკროავტობუსების შემოყვანას მოხმარდება.

„დაახლოებით 30 მილიონამდეა და მთლიანად მოხმარდება მიკროავტობუსების შემოყვანას. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. მაგალითად, ისეთი პროექტებზე, როგორიც არის ვაკის პარკი, დიღმის ჭალები, უკვე შეთანხმებას მიღწეული გვაქვს, ეს პროექტები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.