კახა კალაძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
თბილისის მერი კახა კალაძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსოფლიოში და, განსაკუთრებით, რეგიონში მნიშვნელოვანია, რომ იყოს მშვიდობა.
„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო რეგიონში. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და გამარჯვება მივულოცო რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მის გუნდს. ძალიან საინტერესო არჩევნები იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მეორე ტური გაიმართა. სიმშვიდე, მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.