კახა კალაძე რეაბილიტირებული შენობების ფასადებიდან კონდიციონერებისა და გამათბობლების მილების დემონტაჟს ითხოვს [ფოტო]
ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თბილისის რეაბილიტირებულ ადგილებში, ბოლო პერიოდში, იერსახის, ფასადების დაზიანება ძალიან გახშირდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ფიქსირდება ვანდალიზმის ფაქტებიც.
როგორც მან აღნიშნა, 2016 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ახალი აღმაშენებლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელზეც დაახლოებით 30 მილიონი ლარი დაიხარჯა.
„ასევე, მერიის ინიციატივით, ჩვენ დავიწყეთ ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მხედველობაში მაქვს გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნები. დაახლოებით 110 მილიონი ლარია ამ პროექტებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანი არის, ქალაქს ისტორიული იერსახე აღუდგეს და შეუნარჩუდეს. ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია ფაქტი, რომ ჩვენი ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში, ბოლო პერიოდში, ძალიან გახშირდა იერსახის, ფასადების დაზიანება. ეს ხდება კონდიციონერებით, გამათბობლებით და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებით ფასადების დაზიანებით. ძალიან სამწუხაროა ეს“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა სხდომაზე აღმაშენებლის გამზირზე ფასადების დაზიანების ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა.
მისი თქმით, 30 მილიონი დაიხარჯა აღმაშენებლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და გულდასაწყვეტია, რომ დღეს ასეთ მდგომარეობაშია.
„ჩვენ თვითონ ვაზიანებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ასეთი შემთხვევები არის უამრავი. მსგავსი ფაქტები არის სკვერებში, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვამთავრებთ. არის ვანდალიზმის ფაქტები და ეს ძალიან მძიმეა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამას მოვუაროთ, აღვადგინოთ, შევინარჩუნოთ და შემდეგ ისევ ჩვენ თვითონ ვაზიანებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, გასაგებია, რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის საჭიროა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა, მაგრამ კალაძე მიიჩნევს, რომ ეს არ უნდა მოხდეს ფასადების დაზიანების ხარჯზე.
„კატეგორიულად მიუღებელია ეს მიდგომა. მეპატრონეები პირველი თვითონ უნდა იცავდნენ ამ შენობა-ნაგებობებს და არავის უნდა მისცენ მათი დაზიანების შესაძლებლობა. ჩვენ ვაპირებთ ძველი თბილისის რეაბილიტაციის სამუშაოების გაგრძელებას. 110 მილიონი იხარჯება ორ პროექტზე – გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნებზე. მომდევნო წლების განმავლობაში 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ იმისთვის, რომ სიმდიდრე, რაც ქალაქს გააჩნია, აღვადგინოთ, შევინარჩუნოთ და მოწესრიგებულ-გალამაზებული გადავცეთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თუმცა, მისი განმარტებით, ამას მომავალში მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაშიც მოსახლეობის ჩართულობა და საზოგადოების თანადგომა არის მნიშვნელოვანი.
მან დაავალა თბილისის ზედამხედველობის სამსახურს, დააფიქსიროს და აღრიცხოს თითოეული მსგავსი ფაქტი.
„ვავალებ ზედამხედველობის სამსახურს, მესაკუთრეს მისცეს გონივრული ვადა, თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის. დაზიანებები რაც არის ფასადებზე, რაც არის მინგრეული, მონგრეული, გაუბედურებული, ამას ჩვენი სახსრებით აღვაგენთ. დედაქალაქის მერია ჩაერთვება გამგეობასთან და ფონდთან ერთად. აღვადგენთ და მოვაწესრიგებთ. მხოლოდ ის, რაც არის კონდიცირების მოტორები, გამათბობლების მილები, რის გამოც მოხდა დაზიანება, აუცილებლად დაიწყეთ დემონტაჟი“, – განაცხადა კალაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ დემონტაჟი გონივრულ ვადაში განხორციელდება და სხვა უფრო მკაცრი ზომების მიღება საჭირო არ გახდება, ასევე მომავალში ადგილი არ ექნება მსგავს ფაქტებს.
დედაქალაქის მერის თქმით, ფასადების დაზიანების ამსახველი ფოტოები მერიას გულშემატკივარმა მიაწოდა, რისთვისაც კახა კალაძემ მას მადლობა გადაუხადა.