კახა კალაძე - რასაც ახლა ევროპარლამენტარებისგან სააკაშვილზე ვისმენთ, არის აბსურდსა და დეზინფორმაციაზე აგებული
მოლოდინები არაფერი განსაკუთრებული არ მაქვს, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მათგან ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როცა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით მოლოდინებზე დასმულ კითხვას უპასუხა.
თბილისის მერის თქმით, 2012 წლიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციისკენ გადადგმული აქტიური ნაბიჯების მიუხედავად, ევროპარლამენტიდან კეთდება კატეგორიულად მიუღებელი განცხადებები, რაც ქვეყნის წინაღმდეგ არის მიმართული.
„მოლოდინები არაფერი განსაკუთრებული. ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდით აბსურდულ განცხადებებს, ვიხილეთ რამდენიმე აბსურდული რეზოლუცია, რომელიც საერთოდ სიმართლეს არ შეესაბამება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, 2012 წლიდან მოყოლებული ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ რასაც ახლა ვისმენთ, თუნდაც სააკაშვილთან მიმართებით, რა კამპანიაც არის წარმოებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, კატეგორიულად მიუღებელია და ამაში პირდაპირ ჩართულები არიან ე.წ. ჩვენი მეგობრები. მათი თითოეული განცხადება არის აბსურდზე, ტყუილზე, დეზინფორმაციაზე დაფუძნებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებას შეეხებოდა.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ეს არის ადამიანი, რომელმაც უამრავ ქველმოქმედებასთან ერთად გააკეთა და გადადგა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც იყო მის პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით და ამით დაასრულა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი და ძმანი მისნი წარმოადგენენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.