კახა კალაძე - რამდენიმე პარტიამ გამოთქვა შეხვედრის სურვილი, ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ყველას
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თუ შეთანხმება ვერ შედგება, არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველმა გუნდმა ღიად დაადასტურა, რომ მზად არის დიალოგისთვის.
„რა შეთანხმება იქნება და როგორი საარჩევნო სისტემა, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც დიალოგი გაიმართება. თუ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით. ჩვენი სურვილია, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მოხდეს შეხვედრა, როგორც ყველა ერთად, ასევე ცალკეულ პარტიებთან, თუ ექნებათ სურვილი. რამდენიმე პარტიამ გამოთქვა სურვილი, ჩვენ მზად ვართ. ძალიან მალე უნდა დამთავრდეს ამაზე მსჯელობა და გარკვეული შეთანხმების მიღწევა, რადგან სხვანაირად ცვლილებების განხორციელება გახდება შეუძლებელი. ჩვენ მზად ვართ, ყველას შევხვდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.