კახა კალაძე - რამდენიმე ლოკაციაზე პიკის საათებში არის გადატვირთულობა, ვაკვირდებით და შესაძლოა, მოგვიწიოს დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება
რამდენიმე ლოკაციაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში, არის გადატვირთულობა, თუმცა ყველას გვახსოვს, რომ ეს იყო პანდემიამდეც, ჩვეულებრივ ცხოვრების დროსაც, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა „სადგურის მოედანი“.
„მხედველობაში მაქვს ადგილი, სადაც ორი მეტროს სადგური უერთდება ერთმანეთს და ადამიანების გადასვლა -გადმოსვლა ხდება. პრობლემა იყო, რადგან ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა. ასევე, პიკის საათებში ავტობუსებშიც შეინიშნებოდა ხალხმრავლობა, თუმცა დღის სხვა პერიოდში საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს, სიხალვათეა მიკროავტობუსებში.
ეს ყველაფერი პიკის საათებში განპირობებული იყო იმის გამო, რომ ქალაქში ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება, იყო საცობები, რაც თავისთავად ხელს უშლიდა გაჩერებაზე ავტობუსის დროულად მისვლას, ეს იწვევდა გაჩერებებზე ბევრი ადამიანის თავმოყრას. ვაკვირდებით, თუ როგორ წავა პროცესები და შეიძლება, დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.