ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქცია რადიკალიზმის ნაწილია, თუმცა რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრებულია, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქში მიმდინარე აქციას თბილისის მერი კახა კალაძე.
მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების საკითხის წინ წამოწევა ოპოზიციის ცრუ კამპანიაა.
„აქციებს რაც შეეხება, იმ ფორმით, როგორითაც ვხედავთ, ეს არის რადიკალური ქმედებები რადიკალების მხრიდან. ისინი დამარცხდნენ არჩევნებში, მოსახლეობის უმრავლესობამ მათ მიუჩინა შესაბამისი ადგილი და გაისტუმრა პოლიტიკურ სანაგვეზე. ისინი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ ამ ადამიანებს, ეუბნებოდნენ, რომ თითქოს ისინი გამარჯვებულები იყვნენ, შემდეგ, არჩევნების დღეს ყალბი ეგზიტპოლები აჩვენეს, იზეიმეს კიდეც და შემდეგ უკვე დაიწყეს ცრუ კამპანია, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ისიც, რასაც ვხედავთ ჭავჭავაძის გამზირზე, არის რადიკალიზმის ნაწილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდით კონკრეტული განცხადებების სახით, თუმცა რადიკალიზმის დრო დამთავრებულია ქვეყანაში, ყოველთვის იქნება დამარცხებული რადიკალიზმიც და ბოროტებაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას გუნდები ემიჯნებიან თუ არა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციას, კახა კალაძე პასუხობს, რომ „ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.
„ქვეყანაში ჩვენ გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. რამდენიმე დღეში პარლამენტი უკვე შეიკრიბება, დამტკიცდება პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც გაჟღერებული იყო ჩვენი მხრიდან. დღეს ჩვენ გაჩერების შესაძლებლობა არ გვაქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, წინ წავიდეს და მოსახლეობამ იგრძნოს კეთილდღეობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.