კახა კალაძე - რადიკალი ოპოზიციონერები, იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ
ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ამავეს აკეთებდნენ, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან კონკრეტული ტელეკომპანიების ჟურნალისტების ბულინგს.
მისივე განმარტებით, ევროპული ღირებულებებისგან შორსაა განსხვავებული აზრის გამო ჩაგვრისა და შეურაცხყოფის მოწოდებები.
„ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაშიც ამავეს აკეთებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს ამის რესურსი აღარ გააჩნიათ და რისი შესაძლებლობაც აქვთ, ყველაფერს აკეთებენ – ეს იქნება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი. ნახეთ, რა მესიჯებს სწერენ მსახიობებს, ფეხბურთელებს. იმის მაგივრად, მოუწოდონ, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ. შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვქონდეს, ამის გამო ცხვირ-პირი უნდა დავუმსხვრიოთ ერთმანეთს? ეს არ არის ევროპული ღირებულებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.