კახა კალაძე - რაც მერიის მხრიდან არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ მენაშენეების დასახმარებლად
თუ მერიის მხრიდან არის რაიმე გასაკეთებელი, ჩვენი მხრიდან იქნება სრული თანადგომა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ დაზარალებულების მოთხოვნების საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძე მენაშენეებს ხვალ, დღის მეორე ნახევარში შეხვდება და საკუთარ ხედვას გააცნობს. როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მერია მათ თანადგომას უცხადებს და თავის მხრივ, შეეცდება მათი პრობლემა გადაჭრას.
„ხვალ გვაქვს შეხვედრა, თუმცა მანამდე ჩემი მოადგილე რამდენჯერმე შეხვდა მათ. რაც არის მერიის მხრიდან გასაკეთებელი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა კომპანიას რა ფინანსური მდგომარეობა აქვს, მე ამაზე გამიჭირდება ახლა საუბარი. თუ მერიის მხრიდან არის რაიმე გასაკეთებელი, ჩვენი მხრიდან იქნება სრული თანადგომა. ზარალის დაბრუნებას რაც შეეხება, ამას მერია თავის თავზე ვერ აიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქმე ეხება ექვს მშენებარე ობიექტს, მათგან ხუთი თბილისში, ერთი კი ბათუმშია. დაზარალებული მენაშენეები კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ ოფისში მეხუთე დღეა შიმშილობენ. მენაშენეები მათსა და ახალ ინვესტორს შორის შუამავლობას მერიისგან ითხოვენ.