კახა კალაძე - რა შუაშია პოლიტიკური დევნა, თუ არის კონკრეტული კითხვები, ყველამ უნდა გასცეს პასუხი კანონის ფარგლებში
თუ არის კონკრეტული კითხვები ამა თუ იმ ადამიანთან ან პოლიტიკოსთან, ყველამ უნდა გასცეს პასუხი კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საგამოძიებო უწყების მიერ ოპოზიციის წევრების, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვაზე დაბარების საკითხს შეეხებოდა.
კახა კალაძის თქმით, პოლიტიკური დევნა საქმესთან არაფერ კავშირში არ არის.
„თუ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს იბარებენ დაკითხვაზე და თუ არის კითხვები იმ პოლიტიკოსებთან რომელიც ჩამოთვალეთ, რა პრობლემაა, რა შუაშია პოლიტიკური დევნა? მე დღეს ვარ პოლიტიკოსი, ქალაქის მერი და მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ არაფრით განვსხვავდები რიგითი მოქალაქისგან. ჩემი უფლებები არის ისეთივე, როგორც რიგითი მოქალაქის, თუმცა მაქვს ორჯერ და სამჯერ მეტი პასუხიმგებლობა. შესაბამისად, რა შუაშია პოლიტიკური დევნა, თუ არის კონკრეტული კითხვები ამა თუ იმ ადამიანთან ან პოლიტიკოსთან, ყველამ უნდა გასცეს პასუხი კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ
კახა კალაძის თქმით, მას მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ამასთან კალაძის განმარტებით, ის არ იზიარებს ოპოზიციის მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ და პროკურატურა ცდილობს დამალოს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი.
„არ ვეთანხმები, დაველოდოთ გამოძიებას. როგორც იცით, გამოძიება და მოკვლევა დაწყებულია იმ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით და არაფერზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.